ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია Flyadeal-ის მენეჯმენტს შეხვდა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, ავიაკომპანიასთან საკმაოდ წარმატებული შეხვედრა ჰქონდა და რომ ავიაკომპანიის რეისებზე ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.
“ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა საუდის არაბეთის ეროვნულ ა/კ flyadeal ხელმძღვანელობასთან! ივნისიდან, ავიაკომპანია იწყებს თბილისსა და ბათუმში პირდაპირი რეისების შესრულებას სამი ქალაქიდან – რიადი, ჯედა და დამამი! კვირაში 15 სიხშირით. ავიაბილეთების დიდი ნაწილი წინსწრებით უკვე რეალიზებულია! ჯამში, საუდის არაბეთიდან კვირაში 54 სიხშირით შესრულდება პირდაპირი რეისები! 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი გამორჩეულად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის!”, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.
როგორც ცნობილია საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის გაყიდვების გენერალური დისტრიბუტორი და სახმელეთო მომსახურების წარმომადგენელი კომპანია Discovery-ა. ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 28 ივნისიდან იწყებს და საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს.
უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანიის მიერ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, რიადიდან 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს და დამამიდან 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და კვირას, ხოლო ბათუმის მიმართულებით ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას და რიადიდან 3 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს. აღსანიშნავია, რომ Flyadeal-ის ავიაპარკში Airbus A320 და A320neo პირდაპირ საწარმოო ხაზიდან შედის.
ავიაკომპანია Flyadeal-ი, წარმოადგენს საუდის არაბეთის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია SAUDIA-ს შვილობილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას, რომელიც მომხმარებელს რეისებს სთავაზობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებით.
აღსანიშნავია, რომ არაბული სამყაროსთვის საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობა აპრილში 2021 წლის აპრილთან შედარებით 1694,1%-ითაა გაზრდილი.