საბერძნეთის კუნძულები და კურორტები უკვე დიდი ხანია აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ადრე ჩვენ ვისაუბრეთ კუნძულ კრეტაზე მდებარე საბერძნეთის ყველაზე პოპულარული კურორტების შესახებ, ახლა კი წარმოგიდგენთ 8 დაუჯერებელ კუნძულს, საიდანაც შესანიშნავი მოგონებების და ლამაზი ფოტოების ჩამოტანას შეძლებთ.
სანტორინი
კურორტი, რომელიც უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადგილების სიის სათავეში დგას – ეს ქათქათა ლამაზმანი სანტორინია. ვულკანური ლანდშაფტები, ფერადი ქვიშა და სუფთა ზღვა, ზღაპრული მზის ჩასვლა და მშვიდი ატმოსფერო, დაუჯერებელი თეთრი სახლები და ფანჯრიდან გადაშლილი გასაოცარი პანორამები – კუნძულზე ეს და ბევრი სხვა რამ გელით.
სანტორინი, რომელიც ასევე ცნობილია სახელით „თერა“ – ეს არის უნიკალური კუნძული ეგეოსის ზღვაში, რომლის თითოეული კუთხე შეუდარებელი და განუმეორებელია. მთის ფერდობზე მდებარე დედაქალაქი ფირა გაგაოცებთ საოცარი პანორამებით, თოვლივით თეთრი სახლებით, ხმაურიანი და ლამაზი ძველი ნავსადგურით, სადაც ფუნიკულიორით ან ვირით შეგიძლიათ იმზავროთ. პატარა ქალაქ იმეროვიგლიში შენარჩუნებულია უძველესი ეკლესიები, ტაძრები, ასევე ვენეციის ციხესიმაგრის სკაროსის რუინები, მაგრამ, რაც მთავარია, იგი სტუმრებს სიმშვიდესა და სიწყნარეს ჩუქნის. რომანტიკული ოია წარმოუდგენელი მზის ჩასვლით, ვიწრო ქუჩებით და პატარა რესტორნებით თითქოს შეყვარებულებისთვისაა შექმნილი. ასევე შეუძლებელია არ მოინახულოთ კამარი თავისი საოცარი პლაჟებითა და ვულკანური ქვიშებით.
განთავსების ღირებულება 3* – 25 ევროდან, 5* – 180 ევროდან.
როდოსი
კუნძული როდოსი და მისი ამავე სახელწოდების დედაქალაქი – საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ანტიკური მემკვიდრეობის, უნიკალური ბუნების, შესანიშნავი პლაჟებისა და საოცარი ძველი ქალაქების ნარევის წყალობით. იგი იდეალურია მათთვის, ვისაც პლაჟისა და საექსკურსიო დასვენების შეთავსება სურს.
კუნძულზე აუცილებლად ეწვიეთ ქალაქებს როდოსი და ლინდოსი, რომლებიც ისეთ დიდ საგანძურს ფლობენ, როგორიცაა დიდი მაგისტრების სასახლე, როდოსის ციხე, რაინდთა ქუჩა, აკროპოლისი, ათენას ტაძარი, ციხე მონოლითი, ასევე რამდენიმე ისტორიული მუზეუმი. როდოსში ტურისტების, განსაკუთრებით კი მანდილოსანი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია პეპლების ხეობა, სადაც ათასობით ფერადი ფარვანა დაფრინავს. აქ მშვიდი წყაროს ხეობაში ყველა თქვენი ცოდვისთვის შენდობის მიღებას შეძლებთ, ან მინიმუმ გაგრილდებით – ეს არის ნაკრძალი მიწისქვეშა გვირაბით, სადაც ყინულივით ცივი, მაგრამ „ჯადოსნური“ წყალი მიედინება.
როდოსს ორი ზღვა აკრავს – ეგეოსისა და ხმელთაშუა. მათი სანაპიროები სტუმრებს შესანიშნავი ქვიშიანი და კენჭიანი სუფთა პლაჟებით ახარებს. ხოლო პროსონისის კონცხზე უნიკალური მოვლენის ხილვას შეძლებთ, რომელსაც ორი ზღვის „კოცნა“ უწოდეს.
განთავსების ღირებულება 3* – 30 ევროდან, 5* – 114 ევროდან.
მიკონოსი
მიკონოსი – საოცრად ლამაზი ბუნებისა და ძვირადღირებული, მოდური კურორტის ნარევია. ხშირად მისი სტუმრები ბოჰემური და თავისუფალი საზოგადოებაა: მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები და უბრალოდ ლამაზი ცხოვრების მოყვარულნი. სანტორინის მსგავსად, მიკონოსიცნობილია თავისი არქიტექტურით, მყუდრო სასტუმროებით, მიხვეულ-მოხვეული პატარა ქუჩებით და ეგეოსის ზღვის შესანიშნავი პლაჟებით. მაგრამ ამავდროულად კურორტი უფრო ვაკის ადგილზე მდებარეობს, რომელიც უძველესი წისქვილებითაა ცნობილი.
ღამით მიკონოსზე არავინ სძინავს, რადგან დაბნელების შემდეგ თითქოს მეორე სუნთქვა იხსნება. უჩვეულო შოუ-პროგრამებით დატვირთული ათობით ბარი, დისკოთეკა, ღამის კლუბი დილამდე სავსეა სტუმრებით. ხოლო დღისით პლაჟები ივსება ხალხით, რომლებსაც სანაპიროების სისუფთავე, ლამაზი პეიზაჟები და ატმოსფერო სიამოვნებთ. ვინაიდან კურორტი წვეულებების მოყვარულთა ადგილია, პლაჟებზე ყოველთვის უამრავი ახალგაზრდაა, ისმის მუსიკა და ჟრიამული. მიკონოსი ასევე თავისი ნუდისტური პლაჟებითაა ცნობილი – „პარადაიზ“ და „სუპერ-პარადაიზ“ – „შეზღუდვების გარეშე“ დასვენების მოყვარულთათვის. სწორედ აქ ღია ცის ქვეშ იმართება დიდი წვეულებები.
განთავსების ღირებულება 3* – 145 ევროდან, 5* – 185 ევროდან.
ნაქსოსი
ნაქსოსი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი კუნძულია, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. მწვანე მთები და ლურჯი ზღვა, ანტიკური ქანდაკებები და ბიზანტიური ტაძრები, უამრავი საინტერესო მოვლენა და ფესტივალი დასვენებას მდიდარსა და დასამახსოვრებელს ხდის.
ნაქსოსის ყველა ღირსშენიშნაობის მოსანახულებლად შეიძლება მთელი თქვენი შვებულება დაგჭირდეთ. მარმარილოს კარიბჭე პორტარა, ციხე ბაზეოსი, აპოლონისა და დიონისეს გიგანტური ქანდაკებები, საოცარი სოფლები აპირანტოსი და ჰალკი, ხეობა ტრაგეა – ეს სია დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ. ასევე აქ 20 პლაჟზე მეტი მდებარეობს, რომელთაგან ერთ-ერთი – Agios Prokopios – ევროპის 10 საუკეთესო პლაჟის სიაში შედის.
ნაქსოსი პრაქტიკულად ეგეოსის ზღვის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ამიტომ იგი იდეალური ამოსავალი წერტილი შეიძლება გახდეს საბერძნეთის სხვა კუნძულების შესასწავლად. ნაქსოსიდან ბორნით ადვილად იმგზავრებთ როდოსზე, კრეტაზე და კონტინენტზეც კი.
განთავსების ღირებულება 3* – 45 ევროდან, 5* – 250 ევროდან.
პაროსი
პაროსმა, რომელიც საბერძნეთის სხვა კუნძულებს შორის მოხერხებულადაა განთავსებული, როგორც ტურისტულმა ცენტრმა, ცოტა ხნის წინ, მაგრამ აქტიურად დაიწყო განვითარება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მას აქვს ყველაფერი, რაც ტურისტებს სჭირდებათ: შესანიშნავი პლაჟები, უძველესი ღირსშესანიშნაობები, პალმებისა და ზეთისხილის ბაღები, ნაკრძალები და მრავალი რესტორანი, სადაც ბერძნული ღვინითა და კერძებით ტკბობას შეძლებთ.
ქალაქი პაროსი ან პარიკია კუნძულის ძირითად ცენტრს და ასევე ნავსადგურს წარმოადგენს. მისი პლაჟები (ლივადია, მარცელო, კამინია) ცნობილია სუფთა ქვიშისა და დამრეცი ნაპირის მქონე უსაფრთხო სანაპირო ზოლით, და ამიტომ აქ მშვიდად შეძლებთ დასვენებას ბავშვებთან ერთად. პაროსზე ყოფნის დროს, აუცილებლად ეწვიეთ ლამაზ ძველ სოფელს – ნუსას ტრადიციული ბერძნული თეთრი სახლებით, ვიწრო ქუჩებით და პატარა ეკლესიებით. პაროსთან ახლოს მდებარეობს განთქმული აპოლონის ტაძარი და უამრავი ცნობილი ძველი ეკლესია (წმინდა არსენის მონასტერი, ქრისტეს მონასტერი ტყეში). და თუ როდოსზე პეპლების ხეობაში ვერ მოხვდით, შეგიძლიათ პაროსზე ინახულოთ: ათასობით იშვიათი ფარვანა ნაკრძალის ბუნების გარემოცვაში – ეს რაღაც დაუვიწყარია.
განთავსების ღირებულება 3* – 25 ევროდან, 5* – 135 ევროდან.
სკიათოსი
ეგეოსის ზღვის კიდევ ერთი მარგალიტი, რომლის ტერიტორიაზეც 60 პლაჟზე მეტი, უამრავი ზეთისხილის ბაღი და წიწვოვანი ტყე, ათეულობით მონასტერი, ციხე, ეკლესია მდებარეობს. კუნძული თითქოს შექმნილია მათთვის, ვისაც აქტიური ტურიზმი, ფეხით სეირნობა და ლაშქრობა უყვარს. სკიათოსი სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სირთულის 25 მარშრუტზე მეტს გთავაზობთ, რომელთა ძირითადი თავისებურება ლამაზი ხედები და პანორამებია.
კუნძულის შესწავლის ამოსავალი წერტილი დედაქალაქი ჰორაა. ეს საოცარი პატარა ქალაქია, კუნძულის ნავსადგური, რომელიც პირველი ნახვისთანავე გასაოცარი პეიზაჟებითა და შესანიშნავი პლაჟებით შეგაყვარებთ თავს. აქ ღამის ცხოვრების მოყვარულებიც ჩამოდიან, ახალ ნავსადგურში, „ბარების ქუჩაზე“ მათ ათეულობით ღამის კლუბი და დისკოთეკა ელოდებათ, სწორედ აქედან გადიან საკრუიზო ლაინერები ბორტზე წვეულებებით. ცნობილი პლაჟი კუკუნარიესი, რომელიც კუნძულზე საუკეთესოდ ითვლება, ჰორადან მხოლოდ 20 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.
განთავსების ღირებულება 3* – 70 ევროდან, 5* – 112 ევროდან.
იდრა
იდრას სამართლიანად ეკუთვნის საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და ატმოსფერული კუნძულის სტატუსი. იგი მთლიანად დახურულია სატრანსპორტო საშუალებებისთვის, აქ არ არის გზები, გადაადგილებას მხოლოდ ვირით ან ველოსიპედებით შეძლებთ. აქ თქვენ ვერ ნახავთ ტურისტების ნაკადებს, მით უმეტეს კუნძულის სოფლებსა და დასახლებებში, რის გამოც იდრამ თავისი უნიკალურობის შენარჩუნება შეძლო.
ამავე სახელწოდების მთავარი ქალაქი – პატარა, ძველი ქალაქია, ნავსადგურით, თვალწარმტაცი სანაპიროებითა და პლაჟებით. ადგილობრივი მოსახლეობის მცენარეებითა და ყვავილებით მორთული ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, პატარა ატმოსფერული რესტორნები და ტავერნები, იახტებითა და იალქნიანი გემებით სავსე ნავსადგური და ყველგან სიმწვანე და უამრავი ყვავილია. კუნძული, ისევე, როგორც თავად ქალაქი, ღირშესანიშნაობების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ იგი მშვიდი ატმოსფეროს და თვალწარმტაცი პეიზაჟების გამო შეიყვარეს. საინტერესოა, რომ ეს ადგილი განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს უყვართ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ მოულოდნელად თქვენს საყვარელ მსახიობს ან მუსიკოსს შეხვდებით.
განთავსების ღირებულება 3* – 45 ევროდან, 5* – 80 ევროდან.
ზაკინთოსი
ზაკინთოსი – მდიდარი წარსულის მქონე კუნძულია, რომელიც სტუმრებს შესანიშნავ აწმყოს სთავაზობს. ზაკინთოსი სიახლისა და უჩვეულოს მოყვარულებს მოეწონებათ. ამგვარად, კუნძული უნიკალურ ნაკრძალს, ეროვნულ საზღვაო პარკს წარმოადგენს, სადაც ზღვის კუები და ხმელთაშუა ზღვის სელაპები ბინადრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მათი ნახვისა და თვალყურის დევნის საშუალება გექნებათ.
ასევე უნიკალურია კუნძულის სახმელეთო ტერიტორია, რომელზეც სხვადასხვა მცენარეულობის უმეტესი ნაწილი მდებარეობს (7000-ზე მეტი სახეობა). მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავ პანორამებს ციცაბო კლდეები და ყურეები, უფსკრულები და მღვიმეები ქმნიან კუნძულის მთელს ტერიტორიაზე, რომელიც წარმოუდგენელი ლაჟვარდოვანი წყლითაა გარშემორტყმული. აუცილებლად ეწვიეთ ლაჟვარდოვან მღვიმეს, რომელიც ყველა მოგზაურთა შორის გულწრფელ აღტაცებას იწვევს.
განსაკუთრებულ ყურადღებას კუნძულის დედაქალაქი – ზაკინფი იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიწისძვრის შედეგად იგი თითქმის მთლიანად განადგურდა, მოსახლეობამ ბევრი რამ აღადგინა. დიონისეს სამრეკლო, მოედანი სოლომუ, ბიზანტიური მუზეუმი, წმინდა მარკოსის მოედანი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და უამრავი სხვა ადგილი ამ ძველ ქალაქს მომხიბვლელობას მატებს. თუ სეირნობით დაიღლებით – პლაჟებზე გაემგზავრეთ, კუნძულზე უამრავი პლაჟია, სანაპირო ზოლის სიგრძე – 123 კმ-ია.
განთავსების ღირებულება 3* – 40 ევროდან, 5* – 130 ევროდან.