აუდიტის სამსახური საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) კიბერ შეტევების პრევენციისკენ მოუწოდებს. აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ სააგენტომ უზრუნველყოს ეფექტიანი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. ასევე, დანერგოს ორგანიზაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის/საინფორმაციო სისტემების სარეზერვო ასლების შენახვის პრაქტიკა.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წარმოადგენს კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტს, ის თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში იყენებს რამდენიმე სერვერს სადაც განთავსებული აქვს სხვადასხვა პროგრამები და ინფორმაციები.
2017 წლის 2 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტი (კიბერ თავდასხმა), რის შედეგადაც დაიბლოკა სერვერებზე განთავსებული ფაილური სისტემა და პროგრამები. ასეთ დროს კი შესაძლებელია დაკარგული იყოს სხვადასხვა პერსონალური და კრიტიკული ინფორმაცია.
„ორგანიზაციაში არ არსებობს სარეზერვო ასლების შენახვის პოლიტიკა, ამიტომ შესაძლოა დაკარგული ინფორმაციის აღდგენა შეუძლებელი ან დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული აღმოჩნდეს, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის უწყვეტ საქმიანობაზე. ინციდენტი შესაძლოა ასევე შეიცავდეს სხვა უფრო მნიშვნელოვან რისკებს”, აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.