აუდიტის სამსახური საქაერონავიგაციას სამივლინებო პოლიტიკას უწუნებს. აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიზნესგეგმაში ხელოვნურად იზრდება მივლინების ხარჯების და შესაბამისად, მცირდება წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლები.

აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ნაკლოვანებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებზე, როგორც დაგეგმვის, ისე ანგარიშგების ეტაპზე.

ანგარიშში მითიტებულია, რომ თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინების დროს სამივლინებო თანხები გაიცემა ავანსად, შესაბამისი უცხოური ვალუტის ეკვივალენტით ლარში, გაცემის დღეს არსებული გაცვლითი კურსით. ეროვნულ ვალუტაში წინასწარ გადახდილი სამივლინებო თანხები გადაფასდება მივლინების დახურვის დღეს არსებული კურსით, რაც ეწინააღმდეგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

“კომპანიას არ აქვს შემუშავებული მივლინებებთან დაკავშირებული პოლიტიკა, არ არის განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის სამივლინებო ხარჯის ანაზღაურების პრინციპები, მათი ზღვრული ოდენობები და პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნულის გამო, რიგ შემთხვევაში, არ დასტურდება გაწეული ხარჯების რაციონალურობა და მიზნობრიობა. შესაბამისად, იზრდება ფინანსურად არახელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების რისკი”, – ნათქვამია ნაგარიშში.