აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია (FAA) თვითმფრინავში ჩხუბის მოწყობისთვის სანქციებს ამკაცრებს. თვითმფრინავის ბორტზე წესების დარღვევა მგზავრს შესაძლოა 35 ათას დოლარამდეც კი დაუჯდეს. 

აღნიშნულის მიზეზი კი ბოლო პერიოდში ფრენების შეფერხებების ზრდა და მგზავრების არაადეკვატური ქცევა სახელდება. ზოგჯერ კონფლიქტი გამოწვეული იყო მგზავრების მიერ პირბადის ტარების უარყოფით, რაც სავალდებულო რეგულაციაა. 

”თვითმფრინავით მგზავრობა გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა და მე ხელი მოვაწერე ამ ბრძანებას, რათა ყველაფერი ისევ ასე შენარჩუნდეს, – განაცხადა FAA-ს ხელმძღვანელმა სტივ დიქსონმა.

ახალი სანქციები, თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით, შეეხება იმ მგზავრებს, რომლებიც თავს დაესხმებიან, ემუქრებიან, ან აშინებენ ეკიპაჟის წევრებს ან სხვა მოგზაურებს.

სანქციების ახალი პოლიტიკა ძალაშია 2021 წლის 30 მარტამდე. როგორც ცნობილია, აქამდე FAA თვითმფრინავის ბორტზე ჩხუბისთვის და ხმაურისთვის ნაკლებად მკაცრ ჯარიმებს იყენებდა.