შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ჩვენ უნდა მივცეთ ნებართვა გააგრძელოს თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა. მოგეხსენებათ, რომ ამას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფრენების განახლება მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით თუშეთში მათთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაბამისი შესაძლებლობა და ამას უკვე მერამდენე წელია მთავრობის დახმარებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და ეს პროგრამა გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.