2020 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატები საქართველოს TOP-სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის 2.4%-იანი წილით მე-10 ადგილზეა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს ვაჭრობა ამერიკასთან მნიშვნელოვნად – 39.5%-ით შემცირდა და 80 მლნ დოლარი შეადგინა.
საგულისხმოა, რომ წლების განმავლობაში ჩინეთთან, ინდოეთთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების პარალელურად სახელისუფლებო წრეებში აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების საკითხიც განიხილებოდა, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე შესვლისა და პროდუქციის რეალიზების უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს.
ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე „Forbes კვირამ“ კითხვები აშშ-ში მოქმედი ლოგისტიკური კომპანია WFT Logistics-ის დამფუძნებელ ნიკო ფურცელაძეს დაუსვა.
ქართველი, რომელიც კერძო სექტორში წასვლამდე საქართველოში ამერიკის საელჩოში 18 წელი მუშაობდა ამბობს, რომ აშშ-საქართველოს შორის ექსპორტ-იმპორტი მიზერულია და თავისუფალი ვაჭრობის შეთახმება საქართველოსთვის პროდუქციის რეალიზების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტა იქნება.
„საქართველო-ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს გააჩენს. თავისუფალი ვაჭრობა ეს ფანტასტიკის სფეროა, რომელიც ქართულ პროდუქტს ამერიკის ბაზრისკენ გზა გაუკვალავს.
აშშ-საქართველოს ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას ყოველთვის ვადევნებ თვალს და შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის ეს მაჩვენებელი მიზერულია, ზღვაში წვეთია. ამერიკაში ერთ ქალაქში რამდენიმე მაღაზიაში გაყიდული პროდუქციით ვერასდროს განვვითარდებით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კი, ქართული პროდუქტის ქსელურ მაღაზიებში შეტანას გამოიწვევს და ეს იცით, რა თანხებზეა საუბარი. ნებისმიერ ქსელურ მაღაზიაში, რომელიც ასეულობით ათასობითაა, თითოეული კომპანია ასეულობით მილიონ მოგებაზეა. აქ ისეთი მასშტაბებია, რომ საქართველომ რაც არ უნდა პროდუქცია აწარმოოს, ამერიკის ბაზარს ვერანაირად დააკმაყოფილებს. რა თქმა უნდა ეს ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ხარისხიანი პროდუქცია შემოვა, მით უფრო კარგია, მოსახლეობაც ყოველთვის მზად არის. ჩვენთან არაფრის დეფიციტი არ არის, მაგრამ კარგი პროდუქციის მისაღებად ყოველთვის მზად არის ქვეყანა, რათა დახვდეს და რეალიზებაც მოახდინოს“, – განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ „საქართველოსთან ამერიკას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს“.