„როგორც ვიცი, უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომ ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდეს. ეს დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ტურისტების ზრდას. ამერიკელი ტურისტი ერთ-ერთი საუკეთესოა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანხას გაიღებს და რამდენად სარგებლობს სხვადასხვა დამატებითი მომსახურებებით.
ამერიკასა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენები, შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შესრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი ბაიდაშვილმა.
მისი განცხადებით, მეტი ამერიკელი ტურისტის მოსაზიდად შესაბამისმა კომპანიებმა აშშ-ის ბაზარზე უნდა იმუშაონ და საქართველო, როგორც კარგი ტურისტული მიმართულება და საიმედო ბიზნესპარტნიორი, უკეთესად წარმოაჩინონ.
შეგახსენებთ, საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის აპრილში დააანონსა. ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების მიზნით 2019 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც United Airlines-ს, American Airlines-ს და Delta AirLines-ს შეხვდა. როგორც თურნავა აცხადებდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები მიმზიდველია.