პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. სტუმრები აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) დირექტორის მოადგილემ, ლირიო ლიუმ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის რაშლოუმ და ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სამსახურის დირექტორის მოადგილემ რობერტ რუისმა მიიღეს.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისათვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ყურადღება გამახვილდა ასევე მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების საკითხებზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ამერიკულ მხარეს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მიღწევები და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული აუდიტის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მოწინავე პოზიცია აქვს რეგიონში. ასევე, ლევან კარანაძემ ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გატარებულ სამუშაოებზე ევროკავშირის რეგულაციების და დირექტივების დანერგვის კუთხით, რაც ქვეყნის მხრიდან ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პარტნიორ ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად: „აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავება და მისი გამოცდილების გაზიარება დაეხმარება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებასა და ინტიტუციონალურ გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის დასაწყებად“.
“აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და მძლავრ საავიაციო ხელისუფლებას მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან ერთად, დღის წესრიგს ქმნის ამ სფეროში. FAA-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, საავიაციო ხელისუფლებებს შორის აქტიური კავშირების დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების ტექნიკურად განხორციელებისათვის“ – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა United Airlines-ის და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ორგანიზებაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო აშშ-ში.