უკრაინის სახელმწიფო საწარმო Antonov-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავის An-225 Mriya-ს აღორძინებისთვის, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გოსტომელის აეროპორტში გაანადგურეს, სპეციალური  ფონდი დააფუძნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Antonov-მა ​ Facebook-ზე გაავრცელა.

საწარმოში აცხადებენ, რომ მსოფლიო საავიაციო ფლოტის ფლაგმანი​ს Mriya-ს აღდგენისთვის საჭიროა საპროექტო და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაცია, მაგრამ არ არის საკმარისი თანხა.

კომპანია პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის მიმართავს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, თვითმფრინავების მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, უბრალო ადამიანებს.

“თვითმფრინავი An-225 Mriya არის სიამაყე და უნიკალური მარგალიტი არა მხოლოდ Antonov-თვის, უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საავიაციო საზოგადოებისთვის”, აცხადებენ კომპანიაში. Antonov-ში იმედოვნებენ, რომ An-225 Mriya-ს აღორძინებისთვის ეფექტური მხარდაჭერა ექნებათ.

როგორც ცნობილია, უკრაინაში არის AN-225 Mriya-ს დაუმთავრებელი მეორე ასლის ფუზელაჟი. წინასწარი შეფასებით, მეორე Mriya-ს დასასრულებლად საჭიროა 700 მლნ დოლარიდან 1 მლრდ დოლარამდე. ამ დროისათვის, მეორე AN-225 Mriya-ს მზადყოფნა 60-დან 70 პროცენტამდეა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ოკუპანტებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya გაანადგურეს. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ.  FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა.

AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით  მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებელის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.