ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავების ფრენა შეფერხდა. ამის მიზეზი აეროდრომზე მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელთა პროტესტი გახდა, რომლებიც აეროდრომზე შეიჭრნენ.
აქციაში 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც აპროტესტებდნენ საავიაციო ინდუსტრიის უარყოფით გავლენას ნახშირბადის ემისიასა და ჰაერის დაბინძურებაზე. პროტესტის მონაწილეები ისეთ რადიკალურ ქმედებებზეც წავიდნენ, როგორიცაა საჰაერო ხომალდების საბურავებთან დაჯდომა, რათა მათი აფრენისთვის ხელი შეეშალათ. შედეგად, რამდენიმე საჰაერო ხომალდმა სხიპოლის აეროპორტიდან აფრენა ვერ შეძლო.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვებრძვით სხიპოლის ფართომასშტაბიან დაბინძურებას. იმის ნაცვლად, რომ აეროპორტმა ფრენები შეამციროს, შენდება ახალი ტერმინალი. მდიდარი ელიტა სულ უფრო და უფრო მეტ კერძო თვითმფრინავს იყენებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჰაერის დაბინძურებას“, – განაცხადა ნიდერლანდების მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა დევი ზლოხმა.
აეროპორტის ადმინისტრაციამ პროტესტის საპასუხოდ განაცხადა, რომ აეროპორტი 2030 წლისთვის ემისიებისგან თავისუფალი გახდება.
„სწორია, როცა ინტერესთა ჯგუფები უფრო სუფთა ნიდერლანდებს ითხოვენ. როგორც ავიაციის სექტორმა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავხდეთ უფრო უხმაურო და სუფთა“, – განაცხადა ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა რუუდ სონდაგმა.
ნიდერლანდების სამეფოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მგზავრთა რაოდენობას წელიწადში 440 ათასით შეამცირებს და ამის მიზეზად კლიმატის ცვლილებებსა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მითითებები დაასახელა.
მთავარი აეროპორტები ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში პროტესტის გამო კერძო თვითმფრინავების ფრენა შეფერხდა