AMS Airlines LLC-მა ყველა ხომალდზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს თანამედროვე სისტემები დაამონტაჟა, რაც მყისიერად საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, გარკვეული ძალების სპეკულირებისა და მიზანმიმართული ანტიპიარის, საქმიანი რეპუტაციის შემბღალავი განცხადებების საპასუხოდ AMS Airlines LLC-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და მის ექსპლუატაციაში მყოფ ყველა საჰაერო ხომალდზე დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობა. სისტემა კომპანიას საშუალებას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობა წამის სიზუსტით დაადგინოს.
შესაბამისი კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით სისტემაზე წვდომის გასაღები გადაეცა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სადაც უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა ექნება 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მოახდინოს კომპანიის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობის და ფრენების მონიტორინგი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრი, ამ დროისათვის, AMS Airlines LLC-ის 5 თვითმფრინავს აერთიანებს.