საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰაბ ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება არ აპირებს WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესებას.

?ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, დესტაბილიზაციას და ვნებს და აზარალებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე საქართველოში, ვნებს თითოეული მოქალაქის ინტერესებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “WizzAir”-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “WizzAir”-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით “ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ”.  აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, იგი ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰარო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელია შეუზღუდავად ევროკავშირსა და საქართველოს ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტს შორის. შესაბამისად, ავიაკომპანია “Wizz Air”-სთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ავიაკომპანიისათვის ფრენის განრიგების დამტკიცება ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების პირობების დაცვით და ყოველგვარი ბრალდება რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. 2005 წლიდან, საქართველო ატარებს საჰაერო მიმოსვლის ლიბერალურ პოლიტიკას, რისი შედეგიც არის კონკურენტული გარემო საავიაციო ბაზარზე, წლიდან წლამდე გაზრდილი მგზავრთნაკადი, მუდმივად მზარდი დაინტერესება ავიაკომპანიების მხრიდან დაიწყონ ოპერირება საქართველოს მიმართულებით და რაც მთავარია გადაადგილების გაზრდილი შესაძლებლობა და მეტი არჩევანი მგზავრისთვის. აღნიშნული ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დღეისათვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ორი ქართული და ექვსი ევროპული ავიაკომპანია – ევროპის 16 ქვეყანაში 35 მიმართულებით.

რაც შეეხება ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines”-სთვის რუსეთის მიმართულებებზე სიხშირეების არ მინიჭების შესახებ, ეს ცნობაც სრული სიცრუეა.

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ “Myway Airlines”-ი დანიშნულია  რუსეთის ფედერაციის ხუთი მიმართულებით.  დღემდე აღნიშნულ ავიაკომპანიას სიხშირეების მინიჭების შესახებ განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ წარმოუდგენია.

სამწუხაროდ, „ჰაბ ჯორჯია“ ხშირად მიმართავს დეზინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას, რითაც შეგნებულად შეცდომაში შეჰყავს ფართო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო – ლოგისტიკური წარმატებული პოლიტიკის  შესახებ. ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ „ჰაბ ჯორჯიას“ არაპროფესიონალიზმს, რაც კარგად ვლინდება მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ჩანს, „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელები და მათ უკან მდგარი პირები არ იცნობენ საქართველოს საავიაციო კანონმდებლობას და შეთანხმებას „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის”, აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.