ამოცანა და მისია არის ის, რომ 2024 წლის მაისში ჩვენ შევძლოთ და მივიღოთ პირველი ფრენა თელავის აეროპორტში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ავიაბილეთებზე უფრო ხელმისაწვდომობის მიზნით სახელმწიფო შიდა ფრენების სუბსიდირებას გააგრძელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ თელავის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტზე. უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი პროცესი, იმისთვის, რომ ფაქტობრივი სამუშაოები ძალიან სწრაფად დავიწყოთ. ამოცანა და მისია არის ის, რომ 2024 წლის მაისში ჩვენ შევძლოთ და  მივიღოთ პირველი ფრენა თელავის აეროპორტში. თელავის აეროპორტს დავაკავშირებთ საერთაშორისო, ისევე როგორც ყველა შიდა აეროპორტთან, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ შიდა მობილობის ზრდას. გვექნება შიდა ფრენები, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს სუბსიდირებას, იმისთვის, რომ ავიაბილეთები იყოს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა ისტორიული პროექტია და ეს იქნება კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელი კახეთის ტურისტული სექტორისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილება გააჩნია. კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4 500 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც. ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს  უნდა  ჰყავდეს  თანამშრომელი,  რომელსაც  გააჩნია  არქიტექტორად  მუშაობის  10  წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა. მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს.

მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას, მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას, შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს,   შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.   კონკურსის დეტალური  პირობებისა და Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების  ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯაროა და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=544934&lang=ge წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი.