ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების 700-მდე რეისი გაუქმდა. ზაფხულის სეზონისას მგზავრობაზე მზარდ მოთხოვნასთან გამკლავება ავიახაზებს თანამშრომლების სიმცირის გამო სულ უფრო და უფრო უჭირთ.
ამერიკის მიმართულებით, ამერიკიდან თუ შტატების შიდა გაუქმებული ფრენების რაოდენობა ვებ-გვერდ Flightaware.com -ის ინფორმაციით, ორშაბათ დილით 670 იყო. კვირას კი 860-მდე ფრენა გაუქმდა.
კომპანიები ჯერჯერობით ფრენების გაუქმების მასშტაბების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ევროპაში ავიახაზებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის სწორედ თანამშრომელთა ნაკლებობას ასახელებენ, პანდემიის პერიოდში თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა.
თანამშრომლები აკლიათ ამერიკის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაშიც. სააგენტომ აიაკომპანია “იუნაითედს” უფლება მისცა ნიუარკის აეროპორტიდან დროებით საერთოდ შეწყვიტოს ფრენები. ამის მიზეზი ავიახაზების მიერ შეტანილი განაცხადი გახდა, რომლის ერთ-ერთი საფუძველიც სწორედ საჰაერო კონტროლის კუთხით თანამშრომელთა ნაკლებობა იყო.
სხვადასხვა ამერიკული ავიახაზების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფედერალურმა ადმინისტრაციამ საჰაერო კონტროლის სამსახურის თანამშრომლებით სრული დაკომპლექტება უნდა უზრუნველყოს, რათა ზაფხულის სეზონზე დამატებით ფრენების გაუქმება და შეფერხებები მგზავრობისთვის თავიდან აიცილოს.
წყარო: რადიო “ამერიკის ხმა”