ამ გადაწყვეტილებით დიდი ტვირთი მოგვხსნეს, – ასე აფასებს სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ტურიზმის სექტორის 2021 წლის ქონების გადასახადისგან განთავისუფლებას, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ არსებული ვითარების ფონზე სასტუმრო ბიზნესს ქონების გადასახადის გადახდა ძალიან უჭირდა.

“აღნიშნული ინიციატივა დაახლოებით 2 კვირის უკან, კერძო და საჯაროს სექტორებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. ამის მიზანი იყო ის, რომ ომის გამო მოლოდინები არ არის დადებითი. ვფიქრობდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ეს სეზონი გადაგვეგორებინა, ისე რომ ხარჯები დაგვეფარა. შესაბამისად ერთ-ერთი დამხმარე ბერკეტი რაც იყო, გაუქმებულიყო ქონების გადასახადი, რომლის გადახდაც ახლა გვიწევდა და ამის საშუალება არ გვქონდა. ამ გადაწყვეტილებით კი მათ გარკვეული ტვირთი მოგვხსნეს”, განმარტავს კოკაია.

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მათი სასტუმროების მაგალითზე “ნაპატიები” თანხა, მართლაც რომ სოლიდურია და რამდენიმე ასი ათას ლარს შეადგენს.

“ეს თანხა რეალურად არ გვქონდა, რადგანაც რაც პანდემია დაიწყო ჩვენ მუშაობა ფაქტობრივად არ გვქონია და ახლა ველოდით შედარებით უკეთეს პერიოდს, მაგრამ დაიწყო ომი. შესაბამისად საშუალება არ გვქონდა, ამ გადასახადის დასაფარად თანხები შეგვეგროვებინა

იმედი გვაქვს, რომ ომის მიუხედავად სხვა ბაზრებიდან იქნება საქართველოზე მოთხოვნა, მაგრამ ეს გართულებული იქნება. თურქეთი, სადაც აქამდეც უფრო მეტი რუსი და უკრაინელი დამსვენებელი მიდიოდა ახლა ხდება ჩვენი კონკურენტი. თუმცა არამხოლოდ თურქეთი არამედ საბერძნეთი, კვიპროსი.

თუნდაც ამუშავდეს ტურიზმი შემოსავლები ისეთი მაინც არ იქნება, როგორც ამისი იმედი გვქონდა”, აცხადებს ერეკლე კოკაია.