ყაზახეთის ქალაქ Alatau City-ში აეროტაქსისა და სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდების სატესტო ფრენებმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა პროექტის სრულფასოვანი გაშვებისთვის აუცილებელია ტექნიკური გამოცდების დასრულება და ექსპლუატაციის წესების მომზადება. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა. მისი თქმით, პირველმა გამოცდებმა დაადასტურა მსგავსი ფრენების ტექნიკური შესაძლებლობა, თუმცა სამომავლო გეგმების განსახორციელებლად პირველ რიგში ტექნიკური ტესტირების პროცესია დასასრულებელი.
Alatau City განიხილება როგორც ტერიტორია, სადაც ექსპერიმენტული სამართლებრივი რეჟიმები იმოქმედებს, რაც მათ შორის მცირე სიმაღლეების ეკონომიკასაც შეეხება. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ნორმატიული და ტექნიკური ბაზის, ექსპლუატაციის წესების, დასაჯდომი მოედნების მიმართ მოთხოვნების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და სერტიფიცირების მომზადება, რადგან ეს მიმართულება მსოფლიოში ახლა იწყებს ჩამოყალიბებას.
ბოზუმბაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აეროტაქსის გაშვების საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან. მანამ, სანამ პროექტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება, საჭიროა სხვადასხვა მარშრუტების, ამინდის პირობებისა და სეზონური თავისებურებების გამოცდა. დაგეგმილი მარშრუტები საკმაოდ ბევრია და ისინი ერთმანეთთან დააკავშირებენ მთის კლასტერს, ალმათის აეროპორტსა და ვაგზალს, კაპჩაგაის წყალსაცავსა და სხვა მიმართულებებს. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ყველა ამ მიმართულებაზე საფრენმა აპარატებმა ოთხივე სეზონი უნდა გაიარონ.
ყაზახეთი აქტიურად სწავლობს საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის აშშ-ისა და ჩინეთის პრაქტიკას და პროცესში წამყვანი კომპანიების სპეციალისტები ჰყავს ჩართული. ბოზუმბაევის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს ჩინურ კომპანია AutoFlight-თან და ამერიკულ Joby-სთან. პროექტი სრულად კერძო ინვესტორების მიერ ფინანსდება და სახელმწიფო მასში ინვესტიციებს არ ახორციელებს. მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომ ახალი ტექნოლოგიების გაშვება სრულიად უსაფრთხო იყოს ადამიანებისთვის, ტვირთებისთვის და ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის.
აღსანიშნავია, რომ Alatau City-ში აეროტაქსის პირველი სადემონსტრაციო ფრენა ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის ელექტრონული საფრენი აპარატით (eVTOL) განხორციელდა. ამ ნაბიჯით ყაზახეთი გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ურბანული საჰაერო მობილობის სრულფასოვანი ეკოსისტემა წარადგინა.












