თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი რეისებს საქართველოს მიმართულებითაც შეასრულებს. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, AJet-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. AJet-ი საქართველოს ბაზარზე AnadoluJet-ს ჩაანაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან Turkish Airlines-ის სტრუქტურაში ფუნქციონირებს AnadoluJet-ი, მაგრამ ის არ არის სრულფასოვანი ავიაკომპანია, არამედ წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს. AnadoluJet-ის ყველა ფრენას Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავები და ეკიპაჟები ახორციელებენ.

Turkish Airlines-ის ზრდის ახალი სტრატეგია კი AnadoluJet-ის ცალკე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად გარდაქმნას ისახავს მიზნად, რომელიც იმუშავებს სახელწოდებით AJet და 100%-ით Turkish Airlines-ის საკუთრება იქნება.

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პირველი ფრენები 2024 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. მომდევნო 10 წლის განმავლობაში AJet საკუთარ ფლოტს 200 თვითმფრინავამდე გაზრდის და გახდება ერთ-ერთი უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგიონში.

Turkish Airlines-ში განმარტავენ, რომ AJet იმუშავებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სეგმენტში. მისი კონცეფცია გულისხმობს სერვისის გამარტივებას და მხოლოდ ეკონომ კლასის ბილეთების გაყიდვას, რამაც უნდა შეამციროს ხარჯები. ხარჯების დაზოგვა აისახება ბილეთების ფასებზე, რაც საჰაერო მოგზაურობას უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდის ხელმისაწვდომს.