საავიაციო უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ (EASA) და დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლისა ევროპულმა ცენტრმა (ECDC) უსაფრთხო ფრენების უზრუნველსაყოფად ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს და გამოაქვეყნეს.
პრინციპების ნაწილი უკვე კარგად ცნობილია – ფიზიკური დისტანცირების დაცვა, ნიღბების ტარება და ხელების ჰიგიენის უზრუნველყოფა. ამასთან, როგორც აეროპორტში, ისე თვითმფრინავში რეკომენდებულია 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვა. კიდევ ერთი შეზღუდვა შესაძლოა აეროპორტებში შესვლაზე დაწესდეს. შენობებში, სავარაუდოდ, მხოლოდ მგზავრებს დაუშვებენ. დაწესდება მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი.
„მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ავიაციაში ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. მგზავრებს უნდა ჰქონდეთ ნდობა, რომ მგზავრობა სხვა ადამიანებთან შეზღუდულ სივრცეში მათი ჯანმრთელობისთვის მინიმალურ შესაძლო საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ადინა ვალეანმა.