უკრაინული თვითმფრინავების მწარმოებელი საწარმო Antonov-ი გეგმავს სუპერმძიმე ახალი თვითმფრინავი AN-225 შექმნას, რომელსაც კომპანია საბჭოთა დროიდან დარჩენილი ფიუზელაჟისა და გასულ წელს განადგურებული პირველი ასლის ცალკეული ელემენტების საფუძველზე ააწყობს.
საწარმოს გენერალური კონსტრუქტორი ვლადისლავ ვლასიკის თქმით, იგეგმება, რომ ახალი თვითმფრინავი გარეგნულად არ განსხვავდებოდეს მისი წინამორბედისგან, მაგრამ მიიღებს თანამედროვე საბორტო აღჭურვილობას. როგორც ვლასიკმა თქვა, მათ სურთ, რომ ახალი Mriya 10 ტონით უფრო მსუბუქი გახადონ, ვიდრე წინა, რაც მას საშუალებას მისცემს მეტი ტვირთი აიღოს და მეტი მანძილი დაფაროს.
“ახლა დაპროექტების ეტაპი მიმდინარეობს, განახლებული თვითმფრინავის წინასწარი ტექნიკური ხედი უკვე ჩამოყალიბებულია. ჩვენ გვესმის, რომ AN-225 თვითმფრინავი უნდა მოდერნიზდეს, ანუ მისი იმ მდგომარეობაში აღდგენა არამიზანშეწონილი და შეუსაბამოა“, აცხადებს კონსტრუქტორი.
ვლასიკმა აღიარა, რომ ახალი An-225-ის მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდება. მისი თქმით, საერთაშორისო დონორები მზად არიან ამისთვის თანხები გამოყონ.
An-225 Mriya – იყო ყველაზე დიდი და ყველაზე მეტი ტვირთის გადამტანი თვითმფრინავი მსოფლიოში. მან პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს შეასრულა. მხოლოდ ერთი ეგზემპლარი მოიყვანეს მზადყოფნაში, მეორე არასოდეს დასრულებულა.
ერთადერთი An-225 Mriya 2022 წლის 27 თებერვალს, რუსმა აგრესორებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გოსტომელის აეროდრომში, საკუთარ ანგარში გაანადგურეს. ბორტი რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიწვა. თვითმფრინავს პირველად თავს 24 თებერვალს დაესხნენ. FlightRadar-ის მონაცემებით, 5 თებერვლის შემდეგ თვითმფრინავი გოსტომელის აეროდრომზე იდგა. 27 თებერვალს კი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჰაერო ხომალდი განადგურდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გასული წლის 19 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს კიდევ ერთი ასეთი თვითმფრინავის შექმნას, რასაც 800 მილიონი დოლარი დასჭირდება. გასული წლის ნოემბერში Antonov-ის საწარმომ განაცხადა, რომ ახალი An-225 განადგურებული „ოცნების“ ნაწილებისგან აიწყობა.
AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.
ცნობილია, რომ მეორე „ოცნების“ დაფინანსების მოძიებაში უკრაინას ლაიფციგის/ჰალის საერთაშორისო აეროპორტიც ეხმარება. რუსების მიერ განადგურებული An-225 აღნიშნული აეროპორტის ხშირი სტუმარი იყო. გარდა ამისა, ავიაკომპანია Antonov-ი სწორედ ამ აეროპორტშია, დროებით, ბაზირებული.