ევროპული ავიაინდუსტრიის გიგანტი Airbus-ი, დღეს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1969 წლის 29 მაისს, პარიზის საავიაციო შოუს („ლე ბურჟე“) ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას (საფრანგეთი, გერმანია), რომელმაც დასაბამი მისცა A300 პროგრამას.

დღეისათვის, Airbus აწარმოებს სამგზავრო, სატვირთო და სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, კოსმოსურ ტექნოლოგიებს და ა.შ. კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები და ხაზები განლაგებულია საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და აშშ-ში.

Airbus-ის და ზოგადად ავიაციის მოყვარულებისთვის დღეს საინტერესო სანახაობა გაიმართა. საიუბილეო კვირეულის პირველი ღონისძიების ფარგლებში, Airbus-ის ოჯახის საჰაერო ხომალდებმა (A220, A320, A330neo, A350 XWB, A380 და BelugaXL) ქალაქ ტულუზას გადაუფრინეს. საჩვენებელ ფრენაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე საფრანგეთის საჰაერო ძალების „ალფაჯეტებმა“ (Patrouille de France).

?? ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, დღეისათვის Airbus-ის წარმოების 6 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი ირიცხება.