Airbus-ის ყოფილმა ინჟინერმა ფრედერიკ დელეზმა გადაწყვიტა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A380 დაშლისგან იხსნას და ის სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსად აქციოს.
ექსპლუატაციიდან ამოღებული საჰაერო ხომალდის განთავსება საფრანგეთში ტულუზის აეროპორტის მახლობლად იგეგმება, სადაც Airbus-ის საწარმო და დიდი საგამოფენო კომპლექსია განლაგებული.
გიგანტურ ავიალაინერში სამი კატეგორიის 31 სრულფასოვანი სასტუმრო ნომერი გათავსდება: სტანდარტი ორი ადამიანისთვის 16 კვ. მეტრი, დელუქსი სამ ან ოთხ ადამიანზე 23 კვ. მეტრი და ორი ლუქსი 35 კვ. მეტრი.
A380-ის გვერდით აშენდება 60 ადგილიანი რესტორანი, რომელიც საკონტროლო კოშკის დიზაინის იქნება. ხიდის დახმარებით ის პირდაპირ საჰაერო ხომალდს დაუკავშირდება.
დელეზის გუნდმა უკვე დაასრულა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და დათანხმდა თანამშრომლობას დეველოპერულ კომპანია DUVAL Group-თან, რომელიც მშენებლობით არის დაკავებული. ბოლო ეტაპზეა თვითმფრინავის ძებნაც.
თუ გუნდი იპოვის ინვესტორებს, პროექტის რეალური დაწყება შესაძლებელია 2022 წლის პირველ კვარტალში.