ლატვიის ეროვნული გადამზიდავი airBaltic-ი 2024 წლის მეორე ნახევარში პირველადი საჯარო შეთავაზების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გაუსმა ლატვიურ ტელევიზიას განუცხადა.

“აქციების ეს საჯარო შეთავაზება იქნება ყველაზე დიდი ბალტიისპირეთში. აქციების განთავსება იგეგმება Nasdaq Riga ბირჟაზე“, – განაცხადა მან.

გაუსმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია ახლა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესშია და ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან 100 მილიონი ევროს მოზიდვაზე.

კომპანიის 2023 წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 200 მილიონი ევროს ობლიგაციები 2024 წლის ივლისში სრულდება და „გაურკვევლობა რჩება ობლიგაციების რეფინანსირებასთან დაკავშირებით“.

„200 მილიონი ევროს რეფინანსირების გარდა, ფულადი სახსრების ბალანსის გასაუმჯობესებლად და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებული შემდგომი კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, ავიაკომპანია დამატებით 100 მილიონი ევროს მოზიდვას გეგმავს“, – ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები და ფინანსური კონსულტანტები, რომლებიც დაქირავებულია airBaltic-ის მიერ, პარალელურად მუშაობენ სხვადასხვა რეფინანსირების ვარიანტებზე. ავიაკომპანია განიხილავს ორ პარალელურ გზას: საჯარო და კერძო. ის უკვე შევიდა მოლაპარაკებებში აქციონერებთან, მათ შორის ლატვიის მთავრობასთან, რათა გამოიკვლიოს მათი სურვილი, კერძო ინვესტორებთან ერთად დააფინანსონ ახალი ვალის ნაწილი საბაზრო პირობებით.

2019 წლის ივლისში airBaltic-მა გამოუშვა 200 მილიონი ევროს ხუთწლიანი ობლიგაციები (6,75%). ფასიანი ქაღალდები 25 ქვეყნიდან 100-ზე მეტმა ინვესტორმა შეიძინა.

2020 წლის ზაფხულში, ევროკომისიამ დაამტკიცა ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილება AirBaltic-ის სააქციო კაპიტალში 250 მილიონი ევროს შეყვანის შესახებ, რათა დახმარებოდა კომპანიას Covid-19-ის გამო შეზღუდვების შედეგებთან გამკლავებაში. კომპანიის საწესდებო კაპიტალი ახლა 596,473 მილიონ ევროს შეადგენს.

airBaltic-მა 2023 წელს გადაიყვანა დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი, რაც 36%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ლატვიის სახელმწიფო ფლობს airBaltic-ის აქციების 97,97%-ს, კომპანია Aircraft Leasing 1 (რომელსაც ფლობს დანიელი ბიზნესმენი ლარს ტუსენი) – 2,03%.