ავიაკომპანია Air Malta საქართველოს ავიაბაზარზეა. თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით, რეგულარული პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას ავიაკომპანია 4 ივლისიდან შეუდგება და რეისებს ყოველ ხუთშაბათს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულებს.
საქართველოს ავიაბაზარზე Air Malta-ს შემოსვლასთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო HOLIDAY INN-ში პრესკონფერენცია გაიმართა, რასაც ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა დადებითად შეაფასეს და საზოგადოებას ახალი მიმართულებით ფრენების დაწყებაზე უკვე ოფიციალურად აუწყეს.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ აეროპორტები ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ზად არიან და საქართველოს ავიაბაზარზე Air Malta-ს შემოსვლით საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი ტურისტული მიმართულება იხსნება.
„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები აბსოლუტურად მზად არიან ზაფხულის სეზონისთვის. რაც შეეხება Air Malta-ს შემოსვლას ეს არის ახალი მიმართულება საქართველოსთვის. მართალია Air Malta ფრენებს მხოლოდ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ისინი საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს გაზრდიან და საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება მალტას მიმართულებით იფრინონ და დაისვენონ. რეისები შესრულდება კვირაში ერთი სიხშირით“, განმარტა თეა ზაქარაძე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძის თქმით, Air Malta-თან მოლაპარაკებები 2015 წლიდან მიმდინარეობდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიესალმება ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე. Air Malta-სთან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან ვაწარმოებთ. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ახალ ავიაკომპანიებთან მუშაობა, რათა ისინი საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ“, განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რო პირდაპირი ავიარეისები ტურიზმის განვითარებისთვის და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„ყოველი ახალი რეისი გულისხმობს ახალ სტრატეგიულ მიმართულებას. პირდაპირი ავიარეისები ტურიზმის წინსვლისთვის უმთავრესი ფაქტორია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ გამოხატა სურვილი საქართველოში ოპერირებისათვის. მალტა ბუნებრივია ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ბაზრებზე მუშაობასაც, რათა მეტი ავიაკომპანია შემოვიდეს და შესაბამისად ტურიზმიდან ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა შევიდეს“, აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ Air Malta-ს კომერციული წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „ინტერკო თრეველ ჯგუფია“.