2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France გეგმავს.
მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კოპმპანია, “ტავ ჯორჯიას” შორის უკვე ბოლო ეტაპზეა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს Air France-თან თბილისის შოთა რუსთაველის აეროპორტში შემოსვლასთან დაკავშირებით 2016 წლიდან აწარმოებდა.
დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.