ავიაკომპანია  Wizz Air-ი მილანის მალპენსას აეროპორტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია გავრცელებულ ცრუ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი მალპენსა – ქუთაისი ) თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა უარყოფს.
„ზოგიერთი მგზავრი გამგზავრების აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ზოგიერთმა მგზავრმა კი რეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციის პროცედურა მილანის მალპენსას აეროპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციის გავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ვერ მოხვდა ხომალდის ბორტზე. Wizz Air ყველა მგზავრს სთხოვს, გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ 2 საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი მინიმუმ 40 წუთით ადრე. ავიაკომპანიამ სულ ახლახანს დაამკვიდრა ბარგის გადატანის ახალი, გამჭვირვალე და სამართლიანი პოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს ბარგის ვარიაციების უპრეცედენტოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან, ყველა მგზავრს Wizz Air-ის ნებისმიერ რეისზე საშუალება აქვს, ხომალდის ბორტზე აიტანოს ერთი უფასო ხელბარგი“, აღნიშნულია Wizz Air-ის განცხადებაში.