საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია Air France-მა, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოში Air France-ს გენერალური აგენტი კომპანია APG Georgia-ში განმარტავენ, ავიაკომპანია პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მსგავსად, კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს

“Air France ძალიან მოხარულია განაცხადოს, რომ თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენები (კვირაში 2 სიხშირით) გახანგრძლივდება ზამთრის სეზონზეც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, საფრანგეთსა და დანარჩენი მსოფლიოს დაკავშირებას პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტის ჰაბის მეშვეობით. ბილეთები უკვე გაყიდვაშია 22 ნოემბრის ჩათვლით!”, აცხადებენ თავად ავიაკომპანიაში.

რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა და პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 17101 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით რეისები მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის განმავლობაში განახორციელა, თუმცა 2020 წელს ზაფხულის გარდა ზამთარში ფრენების გადაწყვეტილებაც მიიღო.

Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.