საფრანგეთის ეროვნულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. მიმდინარე ტურისტულ სეზონზე Air France-მა პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი ფრენა დღეს განახორციელა და აღნიშნული რეისით საქართველოში 162 მგზავრის ჩამოყვანა უზრუნველყო.
Air France სეზონურ ფრენებს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. პარიზი-თბილისის მიმართულებაზე რეისი ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს (გამოფრენა პარიზიდან ადგილობრივი დროით 13:25 საათზე – მოფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 20:15 საათზე) განხორციელდება, ხოლო თბილისი-პარიზის მიმართულებაზე კი ყოველ ხუთშაბათსა და კვირას (გაფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 08:55 საათზე – მოფრენა პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 12:10 საათზე).
რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა და პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 17101 მგზავრს მოემსახურა. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.