„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა. მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტილების პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი Air Baltic-ი მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-იც, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ Air Baltic-ს ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება Wizz Air-ს, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ასევე საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე.