ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს აჯამებს. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი მარკეტინგული კამპანიების შედეგად, 2022 წლის აგვისტოში შემოსავალმა 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელს გადააჭარბა, მატების წილი კი მიზნობრივი ბაზრებიდან საკმაოდ მაღალია.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში 2019 წელთან მიმართებით არამხოლოდ აღდგენა არამედ 26%-ით მატება გვაქვს. 8 თვის მონაცემებით აღდგენა 94 %-ს შეადგენს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატების წილი ჩვენი მიზნობრივი ბაზრებიდან საკმაოდ მაღალია. გამოვყოფდი ევროკავშირს, საუდის არაბეთსა და ისრაელს, რაც განპირობებულია მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობებით რომელსაც ჩვენ ამ ბაზრებზე ვახორციელებთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის აღდგენილი ფრენები, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, ასევე რიგი აქტივობები, რომელსაც ვახორციელებთ წამყვანი პლატფორმების საშუალებით როგორიცაა: CNN, National Geographic, Bloomberg და სხვ“.
მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, წელს საქართველომ საერთო მოგზაურობის ნაწილში ტურისტული ვიზიტების წილის გაზრდას მიაღწია.
„ ტურისტული ვიზიტების აღდგენა უფრო მაღალია ვიდრე ზოგადად მოგზაურობის, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენ მაღალმხარჯველ ვიზიტორებს ვმასპინძლობთ, ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. ჩვენ უფრო აქტიურები ვიქნებით სხვადასხვა ტურისტულ ბაზრებზე სეზონებიდან და ტურისტული პროდუქტებიდან გამომდინარე“. – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა აგვისტოს თვეში 522,945,221 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს, (110,158,684 აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) აშშ დოლარით.
2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით.