სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 13 166.292 ტონა შეადგინა. შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი.

როგორც ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ში განმარტავენ, მათ შემთხვევაში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდა აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყო და სექტემბერშიც გაგრძელდა.

„2023 წლის დასაწყისში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კლება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს კლება მთელი წელი გაგრძელდა – აგვისტოს შუა რიცხვებამდე. იყო საკმაოდ შეზღუდული მოცულობები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. აგვისტოს მეორე ნახევრიდან ზრდა შეინიშნება. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შეგვიძლია გითხრათ, რომ აგვისტო-სექტემბერი მოთხოვნა და შესაბამისად მოცულობები გაიზარდა. გეოგრაფიული არეალი დარჩა იგივე, რაც იყო გასულ წელს, ესაა ჩინეთი-ევროპა.

ჩვენ დავუბრუნდით იმ სეგმენტს, სადაც დავფრინავდით ესაა სიჯიო სარაგოსას მიმართულება, ამისთვის კი შუალედურ აეროპორტად თურქმენეთის აეროპორტს ვიყენებთ​“, – განმარტავს Geosky Airlines-ის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.

რაც შეეხება ამჟამინდელ ტვირთბრუნვას, Geosky Airlines-ის პრეზიდენტი, რომ ავიაკომპანია ძირითადად General Cargo-ს ემსახურება. გასულ წლებში კი ჩინეთსა და ევროპას შორის საჰაერო ტვირთების დიდი წილი ელექტრო ტექნიკაზე მოდიოდა

„ახლა არის ე.წ. General Cargo, ზოგადი დანიშნულების ტვირთი. ყველა სახის ტვირთი რაც კი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ექსპორტირება. გარკვეული პერიოდი გადაზიდვების მოცულობა იმიტომაც შეგვიმცირდა, რომ პანდემიის შემდეგ ფრენები დაიწყეს დიდი ზომის სამგზავრო ხომალდებმა, რომელთაც თავის მხრივ ასევე გადააქვთ დიდი მოცულობის ტვირთი. თუმცა ახლა მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად აღარ ყოფნის ის სამგზავრო თვითმფრინავები და ისევ გაჩნდა მოთხოვნა სატვირთო თვითმფრინავებით ტრანსპორტირებაზე“, – ამბობს შალვა კიკნაძე.

რაც შეეხება გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ავიაპარკის ზრდას, Geosky Airlines-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ავიაკომპანიას დღეისათვის უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მოთხოვნაა. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის დინამიკას 2024 წლის დასაწყისამდე დააკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ სატვირთო ფლოტის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას.