ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ.
მემორანდუმის თანახმად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან. თანამშომლობის ძირითადი მიზანია ავიაციაში პროფესიონალების აღზრდა. თამარ არჩუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ, გაეცნონ აეროპორტების მუშაობის სპეციფიკას, სადაც სამომავლოდ დასაქმდებიან.
,,დღეს გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საავიაციო უნივერსიტეტთან. პირადად ჩემთვის ეს ფაქტი, როგორც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის ორმაგად სასიხარულოა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ძირითადი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ავიაციის სფეროთი და მეტი პროფესიონალი კადრი აღვუზარდოთ ქვეყანას. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. მზად ვართ ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტს და ჩავერთოთ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში და სტაჟირება გავატაროთ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურისა და აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სტუდენტებს დაეხმარება სრულყოფილი პროფესიული მომზადებისთვის სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.