საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ტერმინალის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ „იმედის“ ეთერში გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ ისაუბრა. მისი თქმით, რეაბილიტაციის მასშტაბები მალე დადგინდება, რაც შესაბამისი კვლევა დასრულდება და ეს სულ რამდენიმე დღეში მოხდება.
„შიდა ფრენებს რაც შეეხება ეს ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია ვუყურებთ ამას როგორც სოციალური პროექტი შიდა ტურიზმის განვითარების მხრივ და ჩვენი თანამოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მხრივ. მესტიის აეროპორტში ვიზიტისას, რომელიც მომავალ კვირაში შედგება, დაგეგმილი გვაქვს შევისწავლოთ არსებული ინფრასტრუქტურა. მესტიის აეროპორტის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. თუ რა მასშტაბის რეაბილიტაცია იქნება ამას კვლევა გვიჩვენებს, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
რაც შეეხება ამბროლაურს, ის ჯერ ახალი აეროპორტია და იანვარში შეუსრულდა 6 წელი და ამ ეტაპზე იქ აქტიური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გვესაჭიროება. სრულად არის მზად მიიღოს მგზავრები. გვინდა, რომ ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები იყოს რეგიონში ეკონომიკური ფონის შემქმნელი. ამისთვის სხვადასხვა მოდელი არსებობს. ერთ-ერთია „აეროპორტ კომუნითი“ ადამიანები, რომლებიც აეროპორტის ირგვლივ ცხოვრობს ისინი სარგებლობენ ამ სიკეთით. აქ მხოლოდ გაფრენა/მოფრენაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
როგორც ქარქაშაძემ განაცხადა, მესტიის აეროპორტი იმ 47 მლნ-დან დაფინანსდება, რაზეც განცხადება რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრი და მოადგილეების შეხვედრაზე გაჟღერდა.