ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს ტექნიკური დახმარების პროგრამის ეგიდით და აზერბაიჯანული მხარის მიწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის უფროსი ლევან მოსეშვილი და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი კახაბერ აბრამიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსალოდნელი აუდიტისთვის აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლების მზაობის ამაღლება წარმოადგენდა.
ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (SCAA) წარმომადგენლებს აეროდრომების სერტიფიცირების და ზედამხედველობის კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს. კოლეგები დეტალურად გაეცვნენ აღნიშნული მიმართულებით სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროცესებს და პროცედურებს.
ვიზიტის განმავლობაში, პრაქტიკული სწავლება (OJT) ჩატარდა ასევე ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში, რომლის ფარგლებშიც, ადგილზე მოხდა ინსპექტირების სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის აეროდრომის ინფრასტრუქტურის, შესაბამისი დოკუმენტაციის და ჩანაწერების, ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალის შემოწმების ასპექტების განხილვა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
ტექნიკური დახმარების აქტივობა დადებითად შეფასდა ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს და აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლების მიერ.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ICAO-ს ბოლო აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 58.53%-ს შეადგენს.