ქართული საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ი ავიაკომპანიის შექმნაზე მოლაპარაკებებს ევროპელ და არაბული სამყაროს ინვესტორებთან აწარმოებს. Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური აცხადებს, რომ პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ავიაკომპანიის მხრივ კი საუბარია ორ მოდელზე: ჩარტერული ავიაკომპანიის შექმნაზე, ან პირველი ქართული “ლოუკოსტერის” დაფუძნებაზე.
“2 დაინტერესებულ ინვესტორთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ერთი ევროპიდანაა, ხოლო მეორე არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
ავიაკომპანიას რაც შეეხება მუშავდება ორი ვარიანტი, ერთია ჩარტერული ავიაკომპანია, რომელიც თბილისში იქნება ბაზირებული და მეორეა “ლოუკოსტერის” შექმნა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება ბაზირებული. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩარტერული ავიაკომპანია ეს ის მოდელია, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს ბაზარს უფრო სჭირდება”, აცხადებს აფციაური.
მისივე თქმით, იანვრის ბოლოს ავიაკომპანიის შექმნის პროექტი უკვე შეთანხმებული იქნება და იმავდროულად სერტიფიცირების პროექტიც დაიწყება.
როგორც ცნობილია ახალ ქართულ ავიაკომპანიას Aero Georgia ერქმევა.