ავიაკომპანია Georgian Airways-ი მზადაა სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად სპეცრეისები განახორციელოს. როგორც ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას AviaNews-ს განუცხადა, “ადგილი ჰქონდა სამწუხარო გაუგებრობას”.

“ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ Georgian Airways-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ”, განმარტავს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.