არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტში 742 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის A  ტერმინალი ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება. ახალ ტერმინალს წელიწადში 45 მილიონამდე მოგზაურის მიღება შეეძლება, ანუ საათში დაახლებით 11 ათასი ადამიანი და ნებისმიერ დროს მოემსახურება 79 თვითმფრინავს.

ახალ ტერმინალს აქვს ურთიერთ დამაკავშირებელი ბიომეტრიული სისტემების სპექტრი, რომელიც მგზავრებს საშუალებას მისცემს “ისიამოვნონ უწყვეტი ციფრული მოგზაურობის სისწრაფითა და კომფორტით” რეგისტრაციიდან ჩასხდომამდე – აცხადებენ აეროპორტში.

ამ პროცესის სრულყოფას კი ხელს შეუწყობს თვითმომსახურების ჯიხურები, ავტომატური გამშვები პუნქტები და ბარგის დამუშავების თანამედროვე სისტემები.

ტერმინალში განთავსდება ასევე მოცდის დარბაზები, სხვადასხვა დასასვენებელი ადგილები და სპა ცენტრები. ტერიტორიაზე 163 საცალო და კვების ობიექტი იფუნქციონირებს.

შენობამ მოიგო საერთაშორისო დიზაინის ჯილდოები და უკვე გახდა ახალი ატრაქცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ტერმინალი აღჭურვილია ენერგოეფექტური განათებით, გათბობით, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) თანამედროვე სისტემებით. მის მშენებლობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალები.

გარდა ამისა, სრულად ინტეგრირებული მზის ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა ტერმინალის ავტოფარეხის სახურავზე. მისი სიმძლავრე 3 მეგავატია, რაც ყოველწლიურად ზოგავს თითქმის 5,3 ათას ტონა CO2-ს.

„ეს ტერმინალი არ ჩამოუვარდება ჩვენს პლანეტაზე არსებულ უდიდეს და ამბიციურ პროექტებს, ხსნის ახალ გვერდს აბუ დაბის ავიაციის 55-წლიან ისტორიაში. თანამედროვეობისა და დახვეწილობის შუქურა, ის იქნება ჩვენი ემირატის ზრდის მთავარი მამოძრავებელი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებას“, – თქვა აბუ დაბის აეროპორტების თავმჯდომარემ, შეიხმა მუჰამედ ბინ ჰამად ბინ ტაჰნუნ ალ ნაჰიანმა.