ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე, საჰაერო ტრასების კორექტირების აუცილებლობას განმარტავს. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ცალკეული ობიექტების გარშემო სახელმწიფო ანალოგიურ ზომებს აწესებს. მინისტრს მაგალითად, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების ამოქმედებისას, ან და სხვადასხვა ნავთობტერმინალების თავზე ფრენების დროებითი შეზღუდვის მაგალითი მოჰყავს.
“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი და მსოფლიო მასშტაბითაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და ასობით სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და იდეა მისი აბასთუმანში, 100 წლის წინ განთავსების იყო ის, რომ უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო, თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე როდესაც ჩვენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აბასთუმნის ობსერვატორიამ მომართა, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების, აქ არ არის საუბარი რომელიმე საერთაშორისო მარშრუტებზე, იმდაგვარად რომ დროებით შეზღუდვის 8 კმ-იანი არეალი დაწესებულიყო თან იმდაგვარად რომ არც ერთი თეთრი არ იკარგება, არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არც ერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს არეალიდან.
რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის საქართველოში მიღებული პრაქტიკაა, რომ როდესაც არის გარკვეული გარემოებები, ეს დროებითი კორექტირებული ზომები დაწესდეს. კახეთშიც, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას, სხვა და სხვა ნავთობტერმინალის თავზე წესდება ანალოგიურად, ასე რომ განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის. მთავარი არის ჩვენთვის ის, რომ ეს უნიკალური სამეცნიერო კერა, ობსერვატორია განვითარდეს”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.