“ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით თუ კი რუსეთის ოფიციალური პირები გადახედავენ და საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება”, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრი, რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ, რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-თვის მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება გაცემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ეს ინფორმაცია გავრცელდა რუსული მედიის საშუალებით. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, რადგანაც ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები. ჩვენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არ მიუღია არანაირი შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ დავადასტურებთ ფრენების აღდგენას. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ისევ და ისევ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.

მინისტრი ამბობს, რომ მისი უწყება დიალოგისთვის მზადაა და მიესალმება, თუ კი რუსული მხარე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის განახლებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. 

“პირველსავე დღეებში, როდესაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება და შეჩერდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩვენმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო წერილობითი შეტყობინება და ჩვენი პასუხიც გაიგზავნა. მათ გაცვალეს კორესპონდენცია. თუ კი რამე კითხვა იდგა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ იქნა მიწერილი, რომ ჩვენი საჰაერო სისტემა პასუხობს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის ყოველთვის მზად კონსულტაციების დასაწყებად. ჩვენ ველოდებით მეორე მხრიდან გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს. ჩვენ კონსულტაციებისთვის ვართ მზად”, აღნიშნა ნათია თურნავამ.