თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, შანხაიდან პირველი რეგულარული შორმაგისტრალური (Long Haul) ფრენა შესრულდა. ავიაკომპანიამ China Eastern Airlines შანხაიდან თბილისში Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდით 274 მგზავრი ჩამოიყვანა, თბილისი-შანხაის მიმართულებით კი 283 ადამიანი გაემგზავრა. პირველ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა, ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა და საქართველოს საავიაციო და აეროპორტების სექტორმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს და ჯამში თბილისიდან ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში კვირაში 13 რეისი სრულდება. მგზავრებს უკვე აქვთ კომფორტული წვდომა შანხაიზე, პეკინსა და ურუმჩიზე. „ტავ ჯორჯია“ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით აგრძელებს აქტიურ მუშაობას ახალი ავიაკომპანიების მოსაზიდად და ქვეყნის საერთაშორისო საავიაციო ქსელის კიდევ უფრო გასაფართოებლად.
შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე China Eastern Airlines კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს. ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან 9 საათს, შანხაიდან კი 10 საათს შეადგენს.
მთავარი აეროპორტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, შანხაიდან პირველი რეგულარული შორმაგისტრალური ფრენა...












