2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცის 15,31%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 54 591-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 46,35%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 32,43%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 64 460 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 41 222 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა)  37 302-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.