ნოემბრიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბერლინის მიმართულებით რეისებს ბერლინის შენეფელდის (SXF) აეროპორტის ნაცვლად ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში (BER) განახორციელებს. ახალი აეროპორტი, 9 წლიანი დაგვიანების შემდეგ, ოფიციალურად 31 ოქტომბერს გაიხსნება, ხოლო Georgian Airways-ი ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში პირველ რეისს 6 ნოემბერს განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია დღემდე შენეფელდის აეროპორტში ოპერირებდა, თუმცა გერმანიის დედაქალაქში განხორციელებული მეგაპროექტის შემდეგ Georgian Airways-ის რეისები სხვა ავიაკომპანიების მსგავსად ბერლინის ახალ აეროპორტში გადამისამართდება.
როგორც ცნობილია ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, ანუ 2020 წლის 8 ნოემბრიდან ბერლინის ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) დაიხურება. 25 ოქტომბრიდან კი შენეფელდის აეროპორტი ბერლინ-ბრანდენბურგის მე-5 ტერმინალი გახდება.
ახალი აეროპორტი გერმანიის დედაქალაქის შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტის მხარეს აშენდა და ორივე აეროპორტს ერთი ასაფრენი ზოლი აქვს. რეალურად ახალი აეროპორტი არის მეგა პროექტი, რომელიც წარმოადგენს შენეფელდის მოდერნიზებულ და გაფართოებულ ვარიანტს.
თავდაპირველი გეგმით, ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი 2011 წელს უნდა გახსნილიყო და იმავდროულად უნდა მომხდარიყო ტეგელისა (TXL) და შენეფელდის (SXF) აეროპორტების დახურვა. თუმცა ახალი აეროპორტის ტერმინალში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მხრივ პრობლემები შეიქმნა და აეროპორტის გახსნა გადავადდა.
აეროპორტის გახსნის გაჭიანურების მიზეზი გახდა ისიც, რომ ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გამტარუნარიანობა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე ბერლინის სხვა აეროპორტები მგზავრებს ემსახურებოდნენ.
2015 წელს ბუნდესტაგის დეპუტატმა იენეს კეპენმა, ანგელა მერკელის პარტიიდან, წამოაყენა წინადადება, რომ აეროპორტის მშენებლობა თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ.
ამ პერიოდში კი აეროპორტის მშენებლობის ხარჯები თითქმის სამჯერ გაიზარდა და 6,5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF).