5 მიზეზი თუ რატომ უნდა გაატარო ზამთრის არდადეგები საქართველოში – საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის ოფიციალური ვებ-გვერდი საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ზამთრის კურორტების შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია მოგზაურებს ახალი დანიშნულების ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება.
2023 წელს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გამოფენის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა. ITB Berlin-ის ციფრულ პლატფორმაზე მოცემულია უახლესი ინფორმაციები ტურიზმის ინდუსტრიისა და ITB-ის საერთაშორისო გამოფენების შესახებ.
„თავგადასავლების მოყვარულთათვის საქართველოს მთიანი პეიზაჟები ათწლეულებია მიმზიდველია. ზამთრის ეს სეზონი განსაკუთრებული იქნება, რადგან 2023 წელს ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. თქვენ შანსი გაქვთ მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ სპორტულ ღონისძიებას დაესწროთ, ასევე თქვენი შესაძლებლობები მოსინჯოთ ზამთრის სპორტში. საკმაოდ პოპულარულია ბაკურიანი, ისევე როგორც საქართველოს სხვა სამთო კურორტები. საქართველოს კურორტებზე გამორჩეული თოვლი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ“,-წერს ITB საქართველოს შესახებ.
სტატიაში აღწერილია საახალწლო ტრადიციები და სტუმარ-მასპინძლობა.

ITB Berlin-ის ოფიციალურ ვებ- გვერდსა და ბეჭდურ გამოცემაში, საპრომოციო სტატიებისა და ფოტოების გამოქვეყნება 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.