Turkish Airlines-ი და airBaltic-ი ზიარი კოდის (codeshare) შეთანხმებას აფართოებენ და რიგ მიმართულებებზე ერთობლივ რეისებს იწყებენ. თანამშრომლობის ფარგლებში, airBaltic-ის კოდით (BT)შესაძლებელი იქნება ბილეთების შეძენა Turkish Airlines-ის მიერ შესრულებულ რეისებზე სტამბოლიდან თბილისში, ბათუმში, დუშანბესა და ბიშკეკში.

გაფართოებული შეთანხმება მოიცავს აგრეთვე ახალ შესაძლებლობებს ჩრდილოეთ და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მგზავრებისთვის. კერძოდ, Turkish Airlines-ის კოდით (TK) შესაძლებელი იქნება ბილეთების ყიდვა airBaltic-ის რეისებზე რიგადან ფინეთის ქალაქ ტურკუსა და ტამპერეში, ასევე ლიტვის პალანგაში. ეს საშუალებას მისცემს მგზავრებს, მათ შორის რუსეთიდან მომავალ ტრანზიტულ მომხმარებლებს, შეიძინონ ბილეთები საბოლოო დანიშნულების წერტილამდე ბარგის რეგისტრაციის სრული მომსახურებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ის, რომ ეს მარშრუტები საშუალებას აძლევს მგზავრებს, ევროკავშირში შედარებით მარტივად მოხვდნენ – თუკი არსებული ვიზის შეზღუდვები ამის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ლატვია რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული შენგენის ვიზით ქვეყანაში არ უშვებს, რაც კვლავ მნიშვნელოვან ბარიერად რჩება.

airBaltic-სა და Turkish Airlines-ს უკვე ჰქონდათ კოდშეარის ხელშეკრულება რიგასა და სტამბოლს შორის რეგულარულ რეისებზე, თუმცა გაფართოებული შეთანხმება პირველად ეხება მრავალ დამატებით მიმართულებას, რაც ორივე ავიაკომპანიის ქსელს გააძლიერებს და მგზავრებს მოქნილ მარშრუტებს შესთავაზებს.