ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „მწვანე ცის“ დირექტორატის დირექტორს, ავიაციის მდგრადი განვითარების ერთეულის უფროსს მარლინ ბასტინისა და ამავე ორგანიზაციის ავიაციის დაზვერვის ერთეულის უფროსს დენის ჰუვეტს შეხვდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა EUROCONTROL-სთან. აღინიშნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ღია ცის პოლიტიკის განვითარებისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების ამაღლების კუთხით.
ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის აღდგენის სწრაფ ტემპებს, აგრეთვე ახალ ბაზრებზე გასვლის წარმატებულ პოლიტიკას. აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად, მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც სამოქალაქო ავიაციის სექტორი, ისე გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე შემოსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი ევროპულია.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმარების პროცესში, რათა აეროპორტი იყოს მდგრადი და „მწვანე“.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA