2023 წელი საქართველომ ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული შედეგებით დაასრულა. საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია ეკონომიკისა დამდრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.
შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 4.1 მლრდ დოლარის შემოსავალი, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 6 მილიონ მგზავრს, მათ შორის, რეკორდული იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთა რაოდენობა – 1,6 მლნ. მგზავრი.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა საქართველოს მთის კურორტებზე – ბაკურიანში აშენდა 3 საბაგირო კომპლექსი, 2 ხელოვნური რეზერვუარი, 29 კმ. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (ჯამში, 35 კმ), რისთვისაც 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება გუდაურს, გასულ წელს კურორტზე აშენდა 2 საბაგირო კომპლექსი, 6 კმ-იანი ახალი სასრიალო ტრასა (ჯამში 76 კმ.), განახლდა უკონტაქტო გამშვები პუნქტები, მოეწყო და დამონტაჟდა საინფორმაციო მონიტორები, საგზაო და სათხილამურო ტრასის მანიშნებლები, სველი წერტილები და ა.შ. 2023 წელს გუდაურში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 70 მლნ. ლარია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ამ ძალისხმევამ და წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ჩემპიონატი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო და 175 მილიონიანი აუდიტორიისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. აქვე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 29 თებერვალს საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდა. გუდაურმა და ბაკურიანმა ასევე დიდი წარმატებით უმასპინძლეს მსოფლიო თასის ეტაპებს.
ტურიზმის ინდუსტრიაში გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ხაზგასასმელია საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი 2023, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგა მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის ორასი ათასამდე ვიზიტორის წინაშე. ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე, რომელშიც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.
ტურიზმის ინდუსტრიის 2023 წლის შედეგებიდან აღსანიშნავია საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, რომლის ოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა. გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით), ხოლო 2022 წლის მონაცემებს 17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა. ტურიზმიდან გლობალური შემოსავლების მიხედვით, აღდგენა 93%-ს შეადგენს.
განთავსების ობიექტებთან დაკავშირებით სტატისტიკა ასეთია: 2023/24 წლებში ინვესტიციების ჯამური საშუალო ოდენობა 220 მილიონი ლარია, ხოლო 2024/27 წლებში ეს ციფრი ერთ მილიარდამდე გაიზრდება. ამავე პერიოდში 9 300-ს მიაღწევს ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, 320-მდე განთავსების ახალი ობიექტი შეიქმნება, ხოლო საწოლი ადგილების ოდენობა 2024/27 წლებში 37 000-ს გადააჭარბებს.
ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ინიციატივებიდან ასევე აღსანიშნავია ტურიზმის ახალი კანონის პროექტი, პარაპლანით ფრენების რეგულირება, ახალი კურორტების განვითარების მიზნით 60-მდე კურორტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა და ა.შ.
2024 წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს, ასევე იქნება m&I Forum-ის მასპინძელი ქვეყანა. მიმდინარე წლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, აგრეთვე მსოფლიო თასის ეტაპები და ფრირაიდის მსოფლიო ტური.
რაც შეეხება ავიაციის ინდუსტრიას: 2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა. სტრატეგიულ ახალ მიმართულებებს შორის არის ჰამბურგის, კოპენჰაგენის, მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, პოზნანის, კიოლნისა და დელის მიმართულებები.
შედარებისთვის: 2022 წელს გვქონდა 81, ხოლო 2023 წელს – 108 მიმართულება, ზრდა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 29 პროცენტია. ამავე პერიოდთან შედარებით, 13.2 %-თ არის გაზრდილი ევროპული მიმართულებები, რომლის ოდენობა 2022 წელს 48-ს, ხოლო 2023 წელს 66-ს შეადგენდა. 2019 წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია ავიაკომპანიების რაოდენობაც.