საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს  ავიაკომპანია ,,ჯეოსქაი” შეუერთდა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და წარმატებით ოპერირებს დღემდე როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები.  აღსანიშნავია, რომ ,,ჯეოსქაი” წარმატებით ოპერირებს შემდეგი საჰაერო ხომალდებით: სატვირთო ტიპის საჰაერო ხომალდი B747-200; B757-200; ბიზნეს ჯეტი BEECHCRAFT HAWKER 800 XP; სამგზავრო საჰაერო ხომალდი B737-800; შვეულმფრენი – AGUSTA A-109K2; AIRBUS H125.

„ჯეოსქაი“ მომხმარებელს სთავაზობს ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მგზავრების გადაყვანას შვეულმფრენებით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და მომსახურებას. ექსტრემალური ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის მომსახურება, არაგაბარიტული/მოცულობითი ტვირთის გადაზიდვა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, სამედიცინო/საევაკუაციო სერვისები და მგზავრების გადაყვანა ბიზნეს ჯეტით მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მაღალი ხარისხის სერვისით და სტანდარტებით.

როგორც ,,ჯეოსქაი“-ში აცხადებენ, „დინამიკა, სიჩქარე, დრო და მანძილი, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე, კომფორტისა და ჰარმონიისკენ სწრაფვა, სამყაროს განუყრელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიზანია, აგრძნობინოს დამკვეთს უმაღლესი და განსხვავებული მომსახურების ხარისხი, დაეხმაროს მიზნების მიღწევაში, ისევე როგორც უსაფრთხო გარემოსა და ინდივიდუალურად მორგებული პირობების შექმნაში, რაც წარმოადგენს ავიაკომპანიის მთავარ ღირებულებას“.

„მივესალმებით ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ავია გადაყვანა-გადაზიდვები და მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და ტურისტული პოტენციალისთვის. მოხარულნი ვართ, რომ „ჯეოსქაი“ ამას ახორციელებს წარმატებით და მაღალი სტანდარტების დაცვით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და დინამიური იქნება“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.