მსოფლიოში წამყვანი ტურისტული გამოფენა ITB ბერლინი ქართული გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება.
ტურისტული გამოფენის დაწყებამდე, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, ქართველი ხელოვანები რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად რეპეტიციებს გადიან.
„ITB ბერლინი გარდა იმისა რომ არის უდიდესი ტურისტული გამოფენა და შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი ტურისტული მრავალფეროვანი პროდუქტები ვაჩვენოთ მსოფლიოს, ასევე არის უდიდესი პლატფორმა რომ ჩვენი კულტურა, ჩვენი სიმდიდრე გავუზიაროთ და შევაყვაროთ გამოფენის სტუმრებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
თუ რას ნახავს ITB ბერლინის ათასობით სტუმარი გამოფენის დიდ დარბაზში საუბრობს პროექტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი.
„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ საქართველო უსასრულო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და საქართველო ძალიან დახვეწილი, ევროპული, დასავლური კულტურის ნაწილია“.-ამბობს ბასა ფოცხიშვილი.
რეჟისორის თქმით გასულ წლებში ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყნები ძირითადად მხოლოდ ფოლკლორით იყვნენ წარდგენილები. საქართველო წელს მრავალფეროვანი პროგრამით წარგება.
„ჩვენ ქართული კულტურის, ქორეოგრაფიის, მუსიკის საუკეთესო ნიმუშები გვაქვს წარმოდგენილი. იქნება ელექტრონული მუსიკა, პოლიფონია, რაც ნამდვილად მსოფლიო მონაპოვარია, იქნება საოცარი ქართული ცეკვა, ჯაზი და ეთნო ჯაზი, კლასიკური მუსიკა, საოცარი შესრულებებით. მთელი ჯგუფისთვის რთული იყო 40 წუთში ამოგვერჩია შემსრულებლები, მუსიკალური ნაწარმოებები, ცეკვა, რადგან გვინდოდა საუკეთესო, განსხვავებული და ორიგინალური ყოფილიყო,“-ამბობს ბასა ფოცხიშვილი.
6 მარტს ბერლინში ტურისტული გამოფენის საზეიმო გახსნაზე მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგებიან, მათ შორის: ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი და სხვ.