მესტიაში „გემო-ფესტი“ გაიხსნა – ფესტივალი, რომლის მიზანიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა-განვითარება და საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციაა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება, მის გახსნას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ.
„გემო-ფესტი“ ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტია. სასიამოვნოა, რომ მესტიაში ფესტივალს დღეს ბევრი ადამიანი სტუმრობდა – როგორც ადგილობრივები, ისე საერთაშორისო ტურისტები. „გემო-ფესტის“ მთავარი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა – ადგილზე წარმოდგენილია 15 ადგილობრივი მეწარმე, რა თქმა უნდა, დედაქალაქიდანაც არიან ჩამოსულები წამყვანი შეფ-მზარეულები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო დაუთმეს ადგილობრივი კულინარიის გაცნობას. რეალურად, ჩვენ დღეს ვიხილავთ სვანურ კულინარიას, რომელიც თანამედროვე ფორმითაა გარდაქმნილი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფესტივალი უკვე მეორედ იმართება – გასულ ზაფხულში ის რაჭაში ჩატარდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ტურიზმის, ისე გასტრონომიის სპეციალისტების მხრიდან. ამჯერად მათ მესტია მასპინძლობს – „გემო ფესტის“ ფარგლებში კვების სივრცე მოეწყო, სადაც ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს სვანურ კერძებს სთავაზობენ, აცნობენ მდიდარ, ტრადიციულ ადგილობრივ სამზარეულოს. ფესტივალის ჩატარებამდე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს კერძების მოსამზადებლად რეკომენდაციები მისცეს და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.
ამასთან, დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე ვიზიტორებში ე.წ. სთრით-ფუდი, რომელიც ასევე „გემო-ფესტის“ ნაწილია. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, „ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ „გემო-ფესტი“ სვანეთში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“.
ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები იმართება ბავშვებისა და უფროსებისთვის, დაგეგმილია კონცერტი.