Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს მოქმედი კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებაზე, რომელსაც იმედოვნებს, რომ ხელს მომავალი წლის მარტისთვის მოაწერს.

მაიკლ ო’ლირის ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისის ბოლოს ეწურება.

ირლანდიური მედიის ცნობით, რომელმაც შეძლო ავიაკომპანიის წლიური ანგარიშის ნახვა, 2021 წლის ფინანსური წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ აღმასრულებელ დირექტორს ხელფასის და ასევე პრემიების სახით 975 000 ევრო გადაუხადა.

მაიკლ ო’ლირი ირლანდიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება. მისი ქონება 1,08 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

ის Ryanair-ის გუნდს 1988 წელს შეუერთდა, როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის დამფუძნებლის ტონი რაიანის მრჩეველი. მაიკლ ო’ლირი იყო ასოცირებული დირექტორი 1991 წლიდან 1994 წლამდე და შემდეგ გენერალური მენეჯერი 1994 წლის იანვრიდან. მისი ხელმძღვანელობით Ryanair-ი არის მსოფლიოში ფრენების რაოდენობით სიდიდით მეორე ავიაკომპანია – Eurocontrol-ის მონაცემების მიხედვით და მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი ავიაკომპანია ადგილების მოცულობით.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-ი არაერთხელ გააკრიტიკეს და დაგმეს ევროპის რიგ ქვეყნებში თანამშრომლების შრომითი უფლებების უპატივცემულობის გამო. ამავდროულად, ბევრი მგზავრი უჩივის Ryanair-ით მგზავრობის პირობებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ აირჩიონ კომპანია ყოველ ჯერზე, როცა იაფ ფრენებს ეძებენ.